Category Archives: იძულებით მუშაკნი

ამ კატეგორიაში გადიან ის ჩვენი თანამემამულენი, რომლებიც ლუკმაპურის საშოვარზე გავიდნენ და უმძიმეს შავ სამუშაოს ასრულებენ. აქ უნდა აისახოს მათი ყოფა, რათა სხვა წასვლის მსურველები ცოტა სხვანაირად ჩაფიქრდნენ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ…

თურქეთში ქართველებს მონურ პირობებში ამუშავებენ

პარასკევი, 20 აპრილი 2012 12:49
თურქეთში ქართველებს მონურ პირობებში ამუშავებენბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი” თურქეთში მყოფი ქართველების სამუშაო პირობების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რიგ ფაბრიკა-ქარხნებში მონურ პირობებში ამუშავებენ.

 “სოციალური ქსელის საშუალებით თურქეთში მყოფი ქართველები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, მათი მდგომარეობით დავინტერესებულიყავი. რასაკვირველია, დაინტერესება გამოვთქვი და ვითარების გასარკვევად თურქეთში წასვლა და ექსპერიმეტის ჩატარება გადავწყვიტე. 

 მომცეს ვინმე “თენგოს” ტელეფონის ნომერი, რომელიც, როგორც ქართველებმა მითხრეს, სტამბულში ჩვენი თანამემამულეების გაყიდვით არის დაკავებული – არაფორმალური საწარმოების ხელმძღვანელებთან თითოელ მიყვანილ ქართველში მას 250-300 ლირამდე უხდიან. სტამბულში ჩასვლისას იქ “თენგოს” წარმომადგენელი დამხვდა, რომელმაც ერთ-ერთ საწარმოში მიმიყვანა და 250 ლირად გამყიდეს. ეს ჩემთვის შოკი იყო”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ.

 მისივე განმარტებით, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველების ყოფა გაუსაძლისია – მათ საკვებს მხოლოდ დღეში ერთხელ აძლევენ და იატაკზე სძინავთ.

 “ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდა ბიჭები შუაღამემდე მუშაობდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ დამსაქმებლები მათ თეთრ “ტაბლეტს” აძლევენ, რომელსაც ჩაიში ხსნიან და დალევის შემდეგ მოზღვავებულ ენერგიას გრძნობენ. რამდენიმე დღეში მეც ვთქვი, რომ ძალიან ვიღლებოდი და წელის ტკივილი მქონდა. სხვების მსგავსად მეც ეს “ტაბლეტი” მომცეს”, – აღნიშნა ღოღობერიძემ.

 მისივე თქმით, ზოგს წამოსვლის სურვილი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ დამსაქმებლები პასპორტებს ართმევენ და სამუშაო საათების შემდეგ ხშირად საწარმოში კეტავენ, ტრეფიკინგისა და შეიძლება ითქვას, რომ მამლუქობიდან თავის დახსნას ვეღარ ახერხებენ.

 “სანამ დამსაქმებლები იმ თანხას არ ამოიღებენ, რასაც თითოეული მუშის მიყვანისთვის იხდიან, იქამდე საწარმოს დატოვების უფლებას არავის აძლევენ. ზოგიერთს ქართული მენტალიტეტის გამო რცხვენია წამოსვლა და ახლობლებისთვის იმის გამხელა, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ისიც, რომ იმ დასახლებული პუნქტიდან, სადაც ასეთი არაოფიციალური ქარხნებია გახსნილი, სტამბულში მდებარე საქართველოს საელჩო დაახლოებით ორი საათის სავალზეა”, – განაცხადა “საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა.

 მერაბ ღოღობერიძემ არსებული ვითარების შესახებ თურქეთის საელჩო საქმის კურსში უკვე ჩააყენა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაგირებასაც ელოდება.

 ინტერპრესნიუსი

დატოვე კომენტარი

Filed under იძულებით მუშაკნი

ნინო ცხოიძე: „ყველაფერი თუ მოგწონს საქართველოში, მაინც უცხოეთში სხვისი მოსამსახურეობა როგორ უნდა გინდოდეს?!.“

 

ჩემს ბავშვობაში არაერთხელ მიტირია, მონადგაყიდული ქართველების ისტორიებს რომ ვუსმენდი, ან ფილმებში ვუყურებდი. მერე გამოხდა ხანი და სკოლაში საქართველოს წარსულს ფრაგმენტულად გავეცანი. სამაგიეროდ, სხვადასხვა ქვეყნის ისტორიები პირველყოფილი დროიდან შეგვასწავლეს. მოგვიანებით გავიგე, „ჩაგრული ხალხის დიადი მომავალი“ რომ გაბრწყინდა, თურმე, საქართველო ბევრ ქართველს დაუტოვებია, მაგრამ მათი იძულებითი ემიგრაცია მონობას არ უკავშირდებოდა. სახელგანთქმული ქართველების ცხოვრებასაც გავეცანი და გურამ შარაძის დახმარებით ისიც შევიტყვე, რამდენნაირი ემიგრაცია განხორციელდა საქართველოდან საუკუნეების განმავლობაში.

სრულად

დატოვე კომენტარი

Filed under იძულებით მუშაკნი

საქართველოში არ დაგვაყენეს, არც აქ გვასვენებენ, რა გზას დავადგეთ?!

MONDAY, 14 DECEMBER 2009 17:51

საფრანგეთიდან არაერთხელ მომიწერია წერილიც და ინტერვიუც, სტატიაც და რეპორტაჟიც. მისი გამოქვეყნებისთვის მადლობელი ვარ თქვენი გაზეთის და ასევე “რეზონანსის”. არ მინდა “ყოფილი ჟურნალისტი” მერქვას. კი ამბობენ, არ არსებობს ეს სტატუსიო, მაგრამ ბევრი ყოფილი ჟურნალისტი ვიცი, ახლა ემიგრაციაში რომ იტანჯება, ან სხვის ბავშვს უვლის, ან მოხუცს, ან სახლს ალაგებს, ან პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია.
მე უკვე ორი წელი ხდება, რაც აქ ვარ ჩემი შვილებით და შვილიშვილით. ქალიშვილი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს. ვაჟი ცობილ საფეხბურთო გუნდში ყოველგვარი ქრთამის გარეშე მიიღეს. შვილიშვილი სკოლაში პროტეჟეს გარეშე შევიყვანე. ოროთახიანი ბინაც მოგვცეს. თუმცა, მაინც სხვისი ხელის შემყურეები ვართ ჯერ. ერთი სული გვაქვს, ისევ საქართველოში დავბრუნდეთ. მაგრამ ამის შესაძლებლობას ჯერ ვერ ვხედავთ. ამასობაში კი ეს ქალაქი თანდათან გაივსოქართველებით. ადრე ვიცოდი, რომ კაცები ესპანეთში მიდიოდნენ, ქალები_საბერძნეთსა და იტალიაში. ახლა რაც ხდება საფრანგეთში, არსად მინახავს და არც გამიგია. ახალგაზრდა ოჯახები ჩვილი ბავშვებით ჩამოდიან. ღამეებს ქუჩაში ათენებენ, რომ ფრანგები დარწმუნდნენ, არსად წასავლელი არა აქვთ. მაინც ვერ დააკმაყოფილეს ჯერ დროებითი ბინებითაც და მასწავლებლების დახმარებით ფრანგებმა თავიანთ ბინებში გადაინაწილეს.
ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველო საფრანგეთში პრიორიტეტად არის აღიარებული. რაც იმას ნიშანვს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება გვეუბნება, თქვენს ქვეყანაში დემოკრატია დამყარდა, ეკონომიკა კი ყვავისო. ისე აყვავდეს მაგის მთქმელი! აბა ამდენი ხალხი რომ გამორბის საქართველოდან, ფრანგების შესაცოდებლად და შავკანიანების მხარდასაჭერად რომ გაუხდათ საქმე, ეს კარგი ცხოვრების შედეგია?!
ჩვენ საფრანგეთში სტატუსის გარეშე იმაზე მეტს გვეხმარებიან, ვიდრე საკუთარ სამშობლოში წლობით ნაშრომ-ნაჯაფ პროფესიონალებს. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა და მთავრობამ საქართველოში არ დაგვაყენა, ახლა კი მსოფლიოს ეუბნება, ჩემს ქვეყანაში ყველაფერი წინ მიდისო, უცხოელებს იმის საშუალებას აძლევს, ქუჩაში გაგვყარონ!
ამას წინათ ისიც გავიგეთ, სოროსის ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამინდელ დეპუტატს დავით დარჩიაშვილს უთქვამს, ის ხალხი ვინც, საქართველოდან ემიგრაციაში მიდის, ქვეყნის მოღალატეები არიანო. მაშინ მე მინდა ვკითხო ბატონ დავითს: ვინც ამ ხალხს საქართველოში ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და აიძულებს, ფეხით ტყე-ღრეში იხეტიალოს, სიცივესა თუ სიცხეში თავი საფრთხეში ჩაიგდოს, ან უკეთეს შემთხევაში, მატარებლით უკანონოდ გადაკვეთოს უცხო ქვეყნის საძღვარი, იმათ რას დაარქმევდით, გმირებს?! რატომ არ იკვლევთ მიზეზებს?
ქვეყანაში, სადაც პაატა ბურჭულაძეს, ჯემალ სეფიაშვილს, ეკა კვალიაშვილს, რობიკო სტურუას, ქეთი დოლიძეს, დიმა ჯაიანს და ბევრ სხვა პატრიოტს, პროფესიონალს და პატივცემულ ადამიანს ტალახს ესვრიან, სადაც პატრიაქს შეურაცხყოფას აყენებენ და მისი შეურაცხმყოფელი არარაობისვის დაცვის აუცილებლობას დააყენებენ, დემოკრატიაა? და მათხოვრებით რომ გაივსო ქვეყანა, ბუნკერებთან ლამის რიგი რომ დგას, ეს ეკონომიკური აყვავების მაჩვენებელია?! საიდან იგონებთ ამ რეიტინგებს? ეგებ უცხოური პრესის ფურცლებზე ისეთი რამ წაიკითხოთ, რასაც რუსთავი 2 ვერ დაამახინჯებს!
ფრანგებს რა მოვთხოვოთ, უცხო ტომის ხალხს ფიანდაზებს თუ არ გვიგებს, როგორ გავაგებინოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში  ვინც ტყავს გვაძრობს, იმას შენს დაცვას და სამართალს ვერ მოთხოვ, რომ ჩვენი უფლებების დარღვევის, ცემის, თუ დაშინების შემთხვევაში, აზრი არა აქვს სასამართლოს, ან პოლიციას მიმართო, რადგან თევზი თავიდან ყროლდება. ევროპაში ასეთი მცნება, მოსყიდული პოლიციელი და ზეწოლის ქვეშ მყოფი მოსამართლე არც არსებობს ალბათ. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ასეთი მასიური მაინც არ არის. ფრანგების იმითაც დიდად მადლობელი ვართ, რასაც გვეხმარებიან და ავადმყოფებს უფასო მკურალობის საშუალება მაინც გვაქვს და თავშესაფარი.
საქართველოში ყველაფერი თანდათან უკეთესობისკენ მიდისო, ზოგჯერ აქაც ამბობენ ქართველები, რომლებიც მიშას დაპირისპირების მოტივით თავს აცოდებენ ფრანგებს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისინი უფრო იოლად ღებულობენ თავშესაფარს. აქაც თუ მიშას ხელი მოქმედებს აღარ ვიცი. მაგრამ ფაქტია, ვინც მართლა მის რეჟიმს და შევიწროებას გამოექცა, უმეტესად იმათ აწვალებენ, ეუბნებიან, თქენს ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ გაქვთო.
ევროპაში პატრიარქის შეურაცხყოფამ არანაკლებად აგვაღელვა, ვიდრე საქართველოში მყოფი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, თუ სხვა კომფესიის წარმომადგენელი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები. ხელმოწერების შეგროვება და განცხადებების გაგეთება გვქონდა გადაწყვეტილი.
 მაგრამ ქართველებში ხმები გაავრცელეს, პატრიარქისადმი შეურაცხმყოფელი კამპანიის წამოწყება მიზნად ისახავს ნატოში დაჩქარებული შესვლისათვის სიტუაციის შექმნასო. ზოგმა მართლაც შეიკავა თავი, საქმე არ გავაფუჭოთო. მე კი, ისევე როგორც ბევრი ქართველი, ვფიქრობ, რომ ესეც სააკაშვილის ხრიკია: ერთი ხელით პატრიაქს უპირისპირდება, მეორეთი გაუგებარ განცხადებას აკეთებს და მისი მარიონეტი თუთბერიძის ნაცვლად, ამ საქმეში მედიას ადანაშაულებს, მერე ხმებს ავრცელებს, ეს საქართველოს ნატოში შესასვლელად წაადგებაო.
მოტივაცია ასეთი იყო: `სანამ ეკლესია ძლიერია, ნატოში არ მიგვიღებენო~! ნუთუ ასე ბნელი ვგონივართ ამ თვითმარქვია პრეზიდენტს, რომ დაგვავიწყდეს, რა პირობებს ითხოვენ ნატოში შესასვლელად?! ან საერთოდ, რას მოგვცემს ასეთს ნატო, რომ მანამ ნახევარი საქართველო გავწყვიტოთ და ცეცხლის ალში უნდა გავახვიოთ?!
ახლა ყოველ დღე გულს გვიხეთქავს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციები ომის განახლების საშიშროებასათან დაკავშირებით. ეს გაუთავებელი პრვოკაციები, ქართლში ადამიანების გატაცების, თუ პანკისში შეიარაღებული ადამიანების არსებობის შესახებ, ძალიან საგულისხმოდ გვეჩვენება. ხელწერა და სცენარი ხომ ისევ მეორდება. ასე იყოს აფხაზეთის ომის, პანკისის დაბომბვის და აგვისტოს შემზარავი მოვლენების წინაც. დაკვირვებული და აზრიანი ადამიანისთვის აუცილებელი არაა სამხედრო ექსპერტი იყო, თუმცა, საიდუმლო დოკუმენტაციებამდე არც მათ მიუწვდებათ ხელი, რომ მიხვდე, ეს მარტო რუსეთის ინტერესებში არ შედის.
მართალია, აბობოქრებული ოპოზიციური ტალღა ჩაცხრა და ბევრს იმედები გაუცრუვდა. მაგრამ ამ აქციებმა ის მაინც ნათლად დაგვანახა, რომ სააკაშვილს საკუთარი ხალხის ბედიც და პოზიციაც, უკაცრავად, მაგრამ უნდა ვთქვა, სულ ფეხებზე ჰკიდია. მისთვის მთავარი მხოლოდ მისი კლანის გადარჩენაა და ამისათვის ახალ ომსაც წამოიწყებს. მაგრამ თავის ჰალსტუხს მარტო იმიტომ კი არ დაღეჭავს, რუსებს მადა გაეზარდათ და მეც არ მიმაყოლონო, ეს მისი ბავშვობის ჩვევაა, რომელსაც ისევე, როგორც სახელოთი, თუ საჩვენებელი თითით ცხვირის მოხოცვასაც, ვერ გადაეჩვია.
დავუშვათ სააკაშვილი მართლაც არაფერ შუაშია და რუსეთი თავის ვერაგობას ვერ იშლის. კიდევ რომ შემოუტიოს საქართველოს, რომლის ნაპერწკალსაც მიშა აუცილებლად ისევ მისცემს, ვინ დაიცავს საქართველოს ჯერაც გადარჩენილ ტერიტორიას, მის გაუბედურებულ მოსახლეობას? ნუთუ ის მხედარმთავარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასზე უფროსი და დაუცველი კაცი ჟურნალისტებს რომ შეატოვა და კუდამოძუებული გაიქცა დასამალავად?!. მთელმა მსოფლიომ ნახა მისი შეშლილი სახე, აწეწილი თმები და დამცავი ჟილეტების გროვა მის თავზე. აი ის იყო ნამდვილი სახე მიხეილ სააკაშვილისა. ეს რატომღაც არ უნახავს ხერხეულიძეს, წიკლაურს და ოჩიაურს, რომლებიც ჩვენზე ზრუნვისთვის შევიდნენ თითქოს პარლამენტში, მაგრამ მიშას დაცვის მეტს არაფერს აკეთებენ. მიწაში გადატრიალდებოდნენ ჩვენი გმირი წინაპრები და მხედართმთავრები იმ დღეს!
და ვისაც ასეთი მხედარმთავარი გმირად მიაჩნია და დღესაც გაიზახის `მიშა მაგარია~ო, ჩვენ კი `ვაიქართველებს~ გვეძახის, იმ ხალხს უნდა დარჩეს ჩვენი ბედკრული სამშობლო?! ნუთუ რამდენიმე ქუჩაზე უვარგისი ასფალტის დაგება, შიგნიდან ჩამოშლილი სახლების გარედან გალამაზება, ქუჩების არანორმალურად განათება და მსგავსი, ფულის გასათეთრები პროქტები საკმარისია სააკაშვილის მომხრეთათვის. ისინიც რომ არ ითბობდნენ ხელს ამით და საკუთარ ოჯახებზე გრძნობდნენ ვითარების სიმძიმეს, ალბათ არც მათ მოეწონებოდათ ასეთი ხელისუფლება. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბევრი მისი მედროშე გამოიქცა უკვე საქართველოდან და როგორც ვხედავ, კიდევ იზრდება მათი რიცხვი.
სანამ ოპოზიციაში არ გადავლენ მისი ბანაკიდან, მანამ ვერ ვგებულობთ ვის რას ჩუქნის ხელისუფლება სიმბოლურ ფასად. ახლა ბურჯანაძის სახლი მწყნეთის კულტურის სახლს უნდა გადაეცესო გავიგეტ, მაშინ რატომ გაიტანეს სამჯერ აუქციონზე? რომ გაყიდულიყო ამ ბავშვებს ხომ არ მისცემდნენ? კიდევ ვინ იცის, რომელს ჩაუგუბეს პირში წყალი, ერთლარიანი სასახლეებით, ამ წარმატებული, უკონკურენტო ბიზნესით?! ესაა დემოკრატია?
ექიმმა რომ არასწორი დიაგნოზი დაუსვას ავადმყოფს ან ვერ შეაფასოს მისი კრიტიკული მდგომარეობა და ის გარდაიცვალოს, ხომ არ ვპატიებთ იმ ექიმს არაპროფესიონალიზმს?! ან მოჭადრაკემ ერთი არასწორი სვლა რომ განახორციელოს დაფაზე, პარტიას ხომ წააგებს? მაშინ რატომ ვანდობთ ქვეყნის ბედს სამხედრო საქმის უცოდინარ, ამბიციურ და გაუმაძღარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ღუპავენ საქართველოს და გადარჩენის შანს არ უტოვებენ?!
კიდევ რამდენიმე საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა ევროპაში. ერთის მხრივ, ეს ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის გააქტიურებას და ემიგრანტთა მხარდამჭერების ძებნას უკავშირდება. გავლენიან ქართველებს მის გვერდით დადგომას ისეთი ხალხი სთხოვს, რომლებიც ევროსტრუქტურებთანაც არიან დაახლოებული. მეორეს მხრივ კი, უარეს პროგნოზს ვგებულობთ. არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ამერიკაში ვიზიტი სააკაშვილის კომპრომატების ჩატანას ისახავდა მიზნად. თურმე ამის გამომზეურებას 2010 წლიდან გიგა ბოკერია დაიწყებს. და როგორც ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, ისიც გმირი გახდება. საბოლოოდ კი ახალ პრეზიდენტადაც ის მოგვევლინება! ამისათვის უკვე იეღოველების გააქტიურებაც შეინიშნება. ნუთუ ჭკუა ვერ ვისწავლეთ და ისევ მიშას გრიშათი შეცვლა გვინდა?! მე აქედან კი არ გმოძღვრავთ, საფრთხეს შეგახსენებთ. თუ ასე ბნელი ვგონივართ ვიღაცეებს, ვაი ჩვენს პატრონს!
ხალხო გონს მოდით და ტალიავნის დასკვნის საფუძველზე იმოქმედეთ, თორემ საქართველო მალე ქართველების გარეშე დარჩება და მერე უკან დამბრუნებელსაც ვერავის ვიპოვით. ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს იგი და არა რუსეთმა!
წერილი ემიგრაციიდან
რუსუდან იმედაშვილი, საფრანგეთი

წყარო:  http://gevision.tv/

დატოვე კომენტარი

Filed under იძულებით მუშაკნი

ნიკო ნადირაშვილი: თქვენ დაანგრიეთ საქართველო და არა სააკაშვილმა! მე რომ აქ ვარ ისიც თქვენი ბრალია!

ტრიო “საუნჯის” და საერთოდ ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემლებს ალბათ კარგად ახსოვთ ნიკო ნადირაშვილი, რომელიც უკვე 11 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ქართულ მელოდიებს ისევ ქართულ ჩოხაში აკვნესებს. კომპანია “საუნჯეში” ოჯახის რამდენიმე წევრი მოღვაწეობს. ამდენად, ისინი კონცერტების ჩასატარებლად ერთად წავიდნენ ამერიკაში და გარკვეული ხნის შემდეგ იქ დარჩენაც გადაწყვიტეს. მას შემდეგ მისი ყურადღება საქართველოსადმი არ მოდუნებულა და შარშან 50 წლის რომ გახდა, საიუბილეო კონცერტის ჩატარებასაც აპირებდა საქართველოში. მაგრამ ამისათვის სპონსორი ვერ იშოვა. ამჯერად იგი ძალიან გაუბრაზებია საქართველოში გამართულ საახალწლო ზეიმებს და თავისი ნააზრევი წერილობით მოგვაწოდა.

`ჩემო საყვარელო ხალხო, რატომ იბრმავებთ თვალებს? ნუ გგონიათ, რომ ამერიკელებს ძალიან აინტერესებთ რა ხდება საქართველოში. აგვისტოს ომის შემდეგ ცოტა უფრო მეტი გაიგეს, მაგრამ მაინც უნდა მოაგონო, რომელს ჯორჯიაზე გაქვს ლაპარაკი. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს და ვცდილობდეთ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენებას, თორემ  რაში გვჭირდება, რომ ისინი გვიცნობდნენ. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ იზოლაციაში მოვექცეთ. მაგრამ ქართველები სულ ამერიკელების მიბაძვაში ნუ იქნებით, დამიჯერეთ, არ გიხდებათ. უმჯობესია, საკუთარ ეროვნულ სულს მივხედოთ და ჩვენი თვითმყოფადობა დავანახოთ უცხოელებს.
არ იფიქროთ, მაგას რა ენაღლება, ამერიკაში ამდენი წელია ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და შორიდან გვმოძღვრავსო. ვერ დავიჯერებ, რომ ვინმეს მანდ ჩემზე მეტად შეტკიოდეს გული თავის ქვეყანაზე. მე და ჩემი ოჯახი აქ სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებთ. სულ მოლოდინში ვართ, რომ ეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩვენი შემოქმედებაც საჭირო გახდება საქართველოში. სამწუხაროდ, რაც დრო გადის უფრო ვშორდებით ამ მიზანს და ისევ კიდევ უფრო მტკენს გულს. იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე განცდა იმისა, რომ შენს ქვეყანას შენი პროფესიონალიზმი და გამოცდილება, პატრიოტიზმი არ ჭირდება. ამ განცდას უამრავი ემიგრანტი ატარებს და ჯანმრთელობასაც კარგავს. იმედი მაქვს, ბევრი სწორად ჩაწვდება ჩემს გულისთქმას. ვინც ვერ გამიგებს, ჩაიხუტოს გულში თავისი პრეზიდენტი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს!
მაგრამ მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, გარდა ქართველი ხალხისა, ხელისფლება იცვლება, ხალხი კი რჩება! ჩემი სიყვარული და საყვედურები ეკუთვნის იმ ხალხს და მაყურებელს, ვის წინაშეც მე გავიზარდე. `მიშა გიჟია~-ო, რომ იძახით, მაპატიეთ მაგრამ გიჯები თქვენ გამოდიხართ, მიშა კი მართლა `მაგარია~, ყველაფერი რომ გაუდის ჩვენთან.
აბა რა ქვია ამას?! ტელევიზიით, პრესით და რადიოთი ქართულ ენას გვიმახინჯებენ, დედა ენას არ ასწავლიან თქვენს შვილებს, ქართველობას გვიკარგავენ და გვაგინებენ, ამაზეც ჩუმადა ვართ. `პედერასტების~ პარადია… ამის შემდეგ, ალბათ დიდ ნაწილს ქართველების, სამწუხაროდ, არ გვაქვთ უფლება საქართველოს სადღეგრძელო წარმოთქვათ სუფრაზე.
აბა იმ ქართველს რა უნდა ვუთხრა, თავის თოვლის პაპას რომ სანტა კლაუსში გაცვლის. 11 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ ამდენი წითელსამოსიანი სანტა აქ არ მინახავს, რაც ბათუმის ქუჩებში დავინახე. ცოტა ხანში ალბათ საუნტაკლაუსები ბავშვებს გააჩენენ და ყელანი თეთრი წვერებით ივლით. ძალიან მინდოდა ჩემი უმცროსი შვილიც საქართველოში დაბადებულიყო და გაზრდილიყო. მაგრამ ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, ამ მთავრობის გასაფუჭებლად არ მყავს საქართველოში დატოვებული.თქვენ წარმოიდგინეთ, უცხო ქვეყანაში უფრო იანრჩუნებს თავის ქართველობას.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მანდ დარჩენილი ქართველების გარკვეული ნაწილი არა ყოფილხართ ღირსები, ცხოვრობდეთ საქართველოში. ძალიან გაბრაზებული იმიტომ ვლაპარაკობ, რომ აქედან არაფრის შეცვლა არ შემიძლია. დიდი ოჯახით ვარ ამერიკაში და ჯერ დაბრუნებასაც ვერ ვახერხებ. მარტოც რომ ჩამოვიდე, ვის რაში აინტერესებს, რას ფიქრობს უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი და ვინ გაითვალისწინებს?.. რომ წაიკითხავთ მერე სად გადააგდებთ ამ წერილს უკვე ვიცი! მაგრამ გული მტკივა და ამიტომაც გულახდილად ვამბობ. მე რომ აქ ვარ, ეგეც თქვენი ბრალია, ვინც მიშას ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყვეთ ხელი. რამდენჯერ შეიძლება შეგეშალოთ?!
ჩემზე უარეს დღეში არიან სხვა ქართველები, რომლებსაც უკვე დავიწყებული აქვთ თავიანთი პროფესიები და მძიმე შრომას ეწევიან. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, შრომა ადამიანს აკეთილშობილებს. რომ გაგიჭირდება ტუალეტის მრეცხავადაც იმუშავებ. ქართველების პრობლემა ის არის, რომ სიხლში გვაქვს მეფობისადმი მიდრეკილება. პირველკაცობა გვიყვარს. ერთმანეთის მოსმენა და გატანა კი არ ვიცით. ქილიკი და ლანძღვა გვეხერხება მარტო. ამიტომაც გვენგრევა ქვეყანა. რომელ სახელმწიფოზე ლაპარაკობთ? საქართველო აღარა გაქვთ! თქვენ დაანგრიეთ საქართველო და არა სააკაშვილმა. მადლობა უფალს, რომ გარკვეული რაოდენობა მაინც არის შემორჩენილი, რომელიც საღად აზროვნებს და საწინააღმდეგოს ლაპარაკობს. მაგრამ იმ ხალხისაც არ ესმით! აბა გალაღებულებს სხვისი ტკივილი როდის ანაღლებდათ?!.
ჯანდაბამდის გზა ჰქონია თქვენ პრეზიდენტს და მის გარემოცვას! მე ჩემი ქვეყანა და ხალხი მადარდებს! ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ერი გამათხოვრებულია და დაბეჩავებული. ან სხვა ერებმა რა დააშავეს, ვისაც საერთო სამშობლოზე გული შეტკივა?!
ხალხო, რა დაგემართათ?! რამ დაგიკარგათ განსჯის უნარი?! რა გაჭამეს ასეთი, რომ ყველაფერი მოგწონთ და ტაშს უკრავთ? ეს რა კონცერტი იყო აჭარაში? რა ჟანრი, რის მოდერნიზაცია? მე მუსიკოსიც ვარ და მოცეკვავეც. მაგრამ არ მახსოვს ოდესმე, ფალიაშვილის დაისი ასე ეცეკვოთ. ქართული ცეკვა ქალების გარეშე და ბანანის ვარცხნილობით, რისი ხაზგასმა იყო ნეტა? ნუთუ ასე გადაგვარდა ქართული ცეკვა, რომ ორივე ფუნქციას კაცები ითავსებენ? ან ის, რომ მანდილოსნებმა თავისი ქალურობა და სინაზე დაკარგეს, ესეც საქართველოს მდგომარეობის გამოხატულებაა?!
მე არავის არ ვუპირისპირდები, მაგრამ ჩემი აზრით, სახელმწიფო ცეკვის ანსამბლმა თავისი ტრადიციული სახე არ უნდა დაკარგოს. ეს ერის საკუთრებაა და არა ერთი ოჯახის, თუნდაც სუხიშვილების შთამომავალი იყოს. ასე მგონია, ეს კონცერტი ახალ წელს ილიკო და თენგიზ სუხიშვილებს და ნინო რამიშვილს რომ ენახათ, მაშინ მოკვდებოდნენ.
ან ხოსე კარერასს სიმღერის დროს ფეხებშუა რომ უფეთქებდნენ მაშხალებს და ასე გულგახეთქილი ამღერეს ამ დონის მომღერალი, ეს რა კულტურაა?! თან კომენტარებით რომ მიფანტავდნენ ყურადღებას, ფეხბურთის რეპორტაჟია, თუ რა უბედურებაა?! ან რა კომენტარები იყო? `დააკვირდი, რა კოსტიუმები აცვიათ, როგორი განათებულია ბათუმი!~.. და ასეთი უაზრო საუბრები. ის კიდევ ცალკე საკითხია, რაში გადაუხადეს მას ნახევარი მილიონი!, როც ხალხს პენსიით წამლის ყიდვა არ შეუძლია და ამდენი უმუშევარი ქვეყნიდან გარბის!.. ან რა ჩინური ნათურებით იყო გალამაზებული ბათუმი და თბილისი? დანარჩენი საქართველო ხომ აყვავებულია? სოფელში მამალი რომ არ ყივის, არ იციან?
 ამომავალი ქართველი ვარსკვლავები რომ ჩამოიყვანეს, ცუდი არაა. მაგრამ მსოფლიოში უკვე დაფასებულ და აღიარებულ მეგა-ვარსკვლავებს როგორ ეპყრობიან ესეც ხომ ვიცით?!
ჩემს ძვირფასს ქართველობას მინდა შევახსენო, რომ თანამედროვეობა ნიშნავს შენი ეროვნული საგანძურის მოვლას და მომავალი თაობებისთვის გაუმჯობესებული სახით გადაცემას. თორემ შენ თუ სხვას ბაძავ, შენც ისეთი ხდები. სამწუხაროდ მე ასეთი წარმოდგენა მაქვს ამ ქვეყანაზე. მე რასაც ინტერნეტით ვუყურებ დღეს, სამწუხაროდ, ეს არ არის ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყანა ის იყო, რომელიც მე დავტოვე 11 წლის წინ. და ნურავინ შემახსენებს, რომ შუქი ხშირად ქრებოდა. კომუნისტების დროს არ გვქონდა ეს პრობლემები, მაგრამ ახლა ავადმოსაგონარს ვეძახით!..
რა უნდა მოვკითხო ისეთ ადამიანებს, ქუთაისში მონუმეტს რომ ააფეთქებენ პარლამენტის ასაშენებლად და იმასაც გაამართლებენ. არასოდეს დამავიწყდება ქუთაისელი ქალბატონის ნათქვამი, ჩაწერილი მაქვს, იმ ბავშვის სახელზე უნდა აშენდეს ეს პარლამენტიო, რომ გაიძახოდა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ქალბატონი მართლაც ასე აზროვნებს. სანამ არ გავთავისუფლდებით ამ შეზღუდული ცნობიერებისაგან, მანამ არაფერი გვეშველება. ვინც ეროვნულად აზროვნებს, პროგრესულადაც და საქართველოს სიყვარულით, იმას მტრებად მიიჩნევთ!
მე კიდევ ვამბობ, ვინმეს არ ეგონოს, ამას თავი ქუდში აქვს და რა ენაღლებაო! ნეტა მე რომ მანდ ჩამოსვლა მინდა, ისე ვინმეს უნდოდეს ჩემი დაბრუნება. მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის და მონატრების მიუხედავად, ისეთ ვითარებაში ვერ დაბრუნდები,  ჩოხის გახდა და სანამურის უკუღმა დაკვრა რომ მომთხოვოს ვინმემ! ასეთი რამ ამერიკაში არ გამიკეთებია და არც საქართველოში გავაკეთებ. აქ უფრო უკეთ ვაკეთებ ქართულ საქმეს და მედს არ ვკარგავ, რომ იმაზე მალე დავბრუნდები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. როგორც კი სიტუაცია შეიცვლება და საჭირო გავხდები, კულტურის სფეროში მაინც ბევრ სიკეთეს გავუკეთებ ჩემს ქვეყანას. ოღონდ ვიგრძნო, რომ პროფესიონალების და პატრიოტების დრო დადგა!
მომიტევეთ ჩემი გაცხარება. ასე გვასწავლეს: მოყვარეს პირში უძრახეო და მე აქაც ისეთი ქართველი ვარ, როგორიც მანდ ვიყავი!
წყარო: www.emigrants.net23.net

დატოვე კომენტარი

Filed under იძულებით მუშაკნი

ლუტრაკიდან ათენამდე

მიდიხარ ქუჩაში, ხედავ, მოხუც ქალს გვერდით ახალგაზრდა მომვლელი მოჰყვება, “ქართველია”, – ფიქრობ შენთვის. ახლოს მოდიან, აკვირდები და ხვდები, რომ ინტუიციამ არც ამჯერად მოგატყუა. თუმცა რაღა ინტუიცია, იმ ხუთი დღის განმავლობაში, რაც საბერძნეთის საკურორტო ქალაქ ლუტრაკში გავატარე, არ შემხვედრია მოხუცი, რომელსაც ქართველი მომვლელი არ ახლდა.
სრულად

დატოვე კომენტარი

Filed under იძულებით მუშაკნი