Monthly Archives: აპრილი 2012

თურქეთში ქართველებს მონურ პირობებში ამუშავებენ

პარასკევი, 20 აპრილი 2012 12:49
თურქეთში ქართველებს მონურ პირობებში ამუშავებენბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი” თურქეთში მყოფი ქართველების სამუშაო პირობების შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რიგ ფაბრიკა-ქარხნებში მონურ პირობებში ამუშავებენ.

 “სოციალური ქსელის საშუალებით თურქეთში მყოფი ქართველები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, მათი მდგომარეობით დავინტერესებულიყავი. რასაკვირველია, დაინტერესება გამოვთქვი და ვითარების გასარკვევად თურქეთში წასვლა და ექსპერიმეტის ჩატარება გადავწყვიტე. 

 მომცეს ვინმე “თენგოს” ტელეფონის ნომერი, რომელიც, როგორც ქართველებმა მითხრეს, სტამბულში ჩვენი თანამემამულეების გაყიდვით არის დაკავებული – არაფორმალური საწარმოების ხელმძღვანელებთან თითოელ მიყვანილ ქართველში მას 250-300 ლირამდე უხდიან. სტამბულში ჩასვლისას იქ “თენგოს” წარმომადგენელი დამხვდა, რომელმაც ერთ-ერთ საწარმოში მიმიყვანა და 250 ლირად გამყიდეს. ეს ჩემთვის შოკი იყო”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ.

 მისივე განმარტებით, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველების ყოფა გაუსაძლისია – მათ საკვებს მხოლოდ დღეში ერთხელ აძლევენ და იატაკზე სძინავთ.

 “ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდა ბიჭები შუაღამემდე მუშაობდნენ. შემდეგ მითხრეს, რომ დამსაქმებლები მათ თეთრ “ტაბლეტს” აძლევენ, რომელსაც ჩაიში ხსნიან და დალევის შემდეგ მოზღვავებულ ენერგიას გრძნობენ. რამდენიმე დღეში მეც ვთქვი, რომ ძალიან ვიღლებოდი და წელის ტკივილი მქონდა. სხვების მსგავსად მეც ეს “ტაბლეტი” მომცეს”, – აღნიშნა ღოღობერიძემ.

 მისივე თქმით, ზოგს წამოსვლის სურვილი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ დამსაქმებლები პასპორტებს ართმევენ და სამუშაო საათების შემდეგ ხშირად საწარმოში კეტავენ, ტრეფიკინგისა და შეიძლება ითქვას, რომ მამლუქობიდან თავის დახსნას ვეღარ ახერხებენ.

 “სანამ დამსაქმებლები იმ თანხას არ ამოიღებენ, რასაც თითოეული მუშის მიყვანისთვის იხდიან, იქამდე საწარმოს დატოვების უფლებას არავის აძლევენ. ზოგიერთს ქართული მენტალიტეტის გამო რცხვენია წამოსვლა და ახლობლებისთვის იმის გამხელა, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ისიც, რომ იმ დასახლებული პუნქტიდან, სადაც ასეთი არაოფიციალური ქარხნებია გახსნილი, სტამბულში მდებარე საქართველოს საელჩო დაახლოებით ორი საათის სავალზეა”, – განაცხადა “საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა.

 მერაბ ღოღობერიძემ არსებული ვითარების შესახებ თურქეთის საელჩო საქმის კურსში უკვე ჩააყენა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაგირებასაც ელოდება.

 ინტერპრესნიუსი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under იძულებით მუშაკნი