თანამედროვე ქართველი მონები სექსის ინდუსტრიაში

ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2010 10:51

თანამედროვე ქართველი მონები სექსის ინდუსტრიაში„საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლამდე, წვიმაში, თოვლსა და ქარბუქში 27 დღიანი მგზავრობის შემდეგ ჩავაღწიეთ. მანამდე თურქეთში, ტრაპზონსა და სტამბულში, ქართველებმა ორჯერ გაგვყიდეს. 20-30 წლის გოგონებს, 60 წელს გადაცილებული თურქი მამაკაცებისთვის სექსუალურ მომსახურებას გვაიძულებდნენ. …ყველაზე დიდი საშინელება სტამბული და იქიდან საბერძნეთის საზღვრამდე იყო. ტყეები, კლდეები, ვიწრო ბილიკები და ტბები. აუტანელი სიცივე. თურქეთის ტყეში 2 ახალგაზრდა გაგვეყინა. იქვე დავმარხეთ, ერთიც ხევში გადაიჩეხა“…

23 წლის მაიამ საბერძნეთში სამუშაოდ წასვლა მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. „ოჯახს ძალიან გაუჭირდა. დედა ინვალიდი იყო, ჩემი ძმა კი მეშვიდე კლასის მოსწავლე და მას პატრონობა სჭირდებოდა. ბევრი ვეცადე, რომ სამსახური თბილისში მეშოვა, მაგრამ სამუშაოდ არავინ მიმიღო. მიზეზად უმაღლესი განათლების არ ქონას ასახელებდნენ. მხოლოდ ერთმა შემომთავაზა სასტუმროში მოსამსახურედ მუშაობა, რაზედაც არ დავთანხმდი. სამუშაოს ძებნაში ზაზა გავიცანი. მითხრა, შემიძლია ერთ-ერთ ოფისს დაგაკავშირო, რომელიც სამუშაოდ საზღვარგარეთ გაგგზავნისო. ჯერ არ დავთანხმდი. ოჯახის მიტოვება მიძნელდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჩანდა. ეს ამბავი დედაჩემს გავუმხილე. ბევრი იტირა, ოღონდ შენ არსად წახვიდე და ვინმეს მოსამსახურედ მე დავუდგები და სანამ შევძლებ, ვიმუშავებო. დედას მუშაობა არ შეეძლო, ავადმყოფობდა.

– და ზაზას წინადადებას დათანხმდი?

– სხვა გამოსავალი არ მქონდა. ზაზამ დიდუბეში, მეტროსთან ახლოს, მარჯვნივ ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ვინმე შალვასთან მიმიყვანა. მან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცოდა და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედით. მითხრა, საბერძნეთში რომ გადაგიყვანო და იქ მყოფი ჩვენი პარტნიორები მუშაობის დაწყებაში დაგეხმარნენ, 2500 აშშ დოლარია საჭირო, მაგრამ მთლიანი თანხა თუ არ გაქვს, ნახევარი აქ გადაგვიხადე და ნახევარი საბერძნეთში, სამსახურს როცა იშოვიო. ამ კაცმა იმდენად დამაჯერებლად მელაპარაკა, მერე ვიღაცას დაურეკა, ვითომ საბერძნეთში და უთხრა, ერთ კარგ გოგოს გიგზავნი, ჩემი ახლობელია და მომვლელის ადგილი იქნებ უშოვო სანამ ჩამოვაო. მოკლედ, შევთანხმდით. სახლში რაც ოქროულობა და ძვირფასეულობა გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ. თანხის ნაწილი სოფელში დედაჩემის ნათესავებს გამოვართვი და სულ 1150 აშშ დოლარი მოვაგროვე. შალვას ერთი კვირის შემდეგ შევხვდი. პასპორტი მე გავაკეთე. შალვამ მითხრა, შენთან ერთად ჩვენი წარმომადგენელი და სხვა გოგონებიც იქნებიან, გზაზე მოუგვარებელი პრობლემები არ გექნებათო. სტამბულში ჩვენი თურქი მეგობრები დაგიხვდებიან და ისინი მოგხედავენ, სტამბულიდან საბერძნეთამდე კი მანქანით ჩაგიყვანენო.

თბილისიდან ტრაპზონამდე

თბილისიდან, ორთაჭალის ავტოსადგურიდან 2000 წლის 14 დეკემბერს, შუადღისას გავედით. საღამოს 12 საათისთვის უკვე ბათუმში ვიყავით, მაგრამ საზღვრამდე არ მივედით. ავტობუსში მსხდომმა სხვა მგზავრებმა თქვეს, ამათ საბაჟოზე თავიანთი ხალხი ჰყავთ და ცვლა როდესაც მოხდება, მაშინ გავივლითო. დილის 6 საათზე თურქეთის საზღვარს მივუახლოვდით. სარფის საბაჟოზე დიდხანს არ გავჩერებულვართ.

…ავტობუსმა ტრაპზონში გააჩერა. დღე იყო. გვითხრეს, ჩამოდით, ჩაი დალიეთო. მძღოლს თანმხლებმა პირმა, რომელიც ნუგზარად გაგვეცნო, 6 გოგონას ერთ მაგიდასთან მოთავსებისკენ მოგვანიშნა. ჩვენს შორის ყველაზე უმცროსი 20 წლის თეა იყო. ყველაზე უფროსი კი 31 წლის. ჩაის ვსვამდით, როდესაც ჩვენთან ნუგზარი მოვიდა და გვითხრა, შალვამ რომ გაგაფრთხილათ, სტამბულში ჩვენები დაგხვდებიანო, სასტუმრო ჯერ არ დაუჯავშნიათ და ტრაპზონში გაჩერება მოგვიწევს, სანამ ყველაფერი მოგვარდებაო. დავრჩით. იმ საღამოს ქალაქის გარეუბანში, კერძო სახლში მიგვიყვანეს. კეთილმოწყობილი სახლი იყო. ვივახშმეთ და დავიძინეთ.

მეორე დღეს, თურქმა ქალმა გაგვაღვიძა. გვანიშნებდა, დაბლა ჩადით, გელოდებიანო. ნუგზართან ერთად სხვებიც იყვნენ, მათ შორის ქალიც, რომელიც ქართულად საუბრობდა. აგვათვალიერეს, ჩაგვათვალიერეს, მუშტრის თვალით გვიყურებდნენ. რაღაც კი ვიეჭვეთ, მაგრამ მარტო რომ არ ვიყავით, არაფრის გვეშინოდა. ერთმანეთის იმედი გვქონდა. მალევე ქართულად მოსაუბრე ქალმა გვითხრა, რომ თავისუფლები ვიყავით. ნუგზარიმ ყველა ჩვენგანს პასპორტები და ცოტა ფული გამოგვართვა, გვითხრა, რაღაც საბუთები მაქვს გასაკეთებელი, საბერძნეთში უპრობლემოდ რომ გადახვიდეთო. სიმართლე გითხრა, ჩემთან ერთად მყოფი ახალგაზრდები, მთლად კარგი, პატიოსანი ადამიანები არ ჩანდნენ, რადგან საღამოს ჩვენთან მოსულ თურქ ახალგაზრდებთან ურთიერთობა მალე დაამყარეს.

მეორე საღამოს ახალგაზრდები თურქმა მამაკაცებმა შეცვალეს. ნუგზარი რომ ვიკითხეთ, არსად ჩანდა. დიასახლისმა გვანიშნა, გავიდა და ხვალ მოვაო. …გვაიძულეს, მათთვის სექსუალური მომსახურება გაგვეწია. ვყვიროდით, მაგრამ გვაჩუმებდნენ, საწოლში ფულს გვიყრიდნენ. წინააღმდეგობას რომ ვუწევდით, სასტიკად გვცემდნენ. რუსულის ცოტა გაეგებოდათ და გაბრაზებულები ჩხუბობდნენ, თქვენში ფული გადავიხადეთ და ჩვენ გვეკუთვნითო.

ნუგზარი არც მეორე დღეს გამოჩნდა. გარეთ ვერ გავიდოდით. პასპორტები არ გვქონდა. არც იმდენი ფული, რომ რამე გაგვეხერხებინა. არც ენა ვიცოდით. პოლიციას რომ ჩავბარებოდით, არც ეს გვინდოდა, რადგან თითოეულ ჩვენგანს რაღაც აბრკოლებდა. ზოგს ვალი, ზოგს საქართველოში უფულოდ დაბრუნება არ უნდოდა და ა.შ. ტრაპზონში 4 დღე დავყავით. საშინელება იყო… ვერ გადმოგცემთ. მეხუთე დღეს, ის ქართველი ქალი მოვიდა და პასპორტებიც მოიტანა. მივცვივდით და ვეჩხუბებოდით. ვინ სად წვდა, აღარ მახსოვს. პასპორტების წართმევა გვინდოდა. წავაქციეთ და ვცემდით, თურქები რომ არ მიშველებოდნენ, მოვკლავდით. ბოლოს გვითხრა, მე რა შუაში ვარ, ამ პასპორტებს არ მოგცემთ, დავხევ და ვნახოთ რას იზამთო, დაგვემუქრა. სიმწრისგან აღარ ვიცოდით რა გვექნა. დავიბენით. მანანას დავთანხმდით სტამბულში გადაყვანაზე, მაგრამ ნეტავ არ წავსულიყავით“.

„სტამბულის აუქციონზე, 10 დღით, 400 დოლარად გამყიდეს“

20 დეკემბერს დილის ოთხ საათზე ტრაპზონიდან გავედით. 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა რომელიც მსუბუქ მანქანას მართავდა, პასპორტები გამგზავრებამდე ჩამოგვართვა. წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. სტამბულში რომ ჩავედით ღამე იყო. ტრაპზონიდან მძღოლის მეტი არავინ გამოგვყოლია. მარტო თურქულად ლაპარაკობდა, გზაში არსად გაგვიჩერა, კინაღამ მოვკვდით. მის გვერდით მხოლოდ თეა იჯდა, დანარჩენი ხუთნი კი უკან ვისხედით. კარგად მახსოვს, ტრაპზონიდან სტამბულამდე მძღოლმა ცენტრალური გზიდან რამდენჯერმე გადაუხვია. ვეკითხებოდით სად მივყავდით, მაგრამ მისგან პასუხს მანამ ვერ ვიღებდით, სანამ მიუდგომელ ადგილზე არ მივიდოდით. ერთხელ მანქანაც გაგვიჩერა, გვანიშნებდა, თუ გინდათ ჩადით, რა შემაღონეთო, მაგრამ თვალწინ მთების მეტი არაფერი იყო, სად უნდა წავსულიყავით…

სტამბულში, სასტუმროში დაბინავებამდე, მაღალი შენობის წინ არსებულ თავშესაფართან გავჩერდით. ჩვენს გარდა იქ სხვებიც იყვნენ, უცხოელებიც ჩანდნენ და შორიახლოს ქართველებიც. თურქი ქალი და მამაკაცი მოვიდნენ. მძღოლს დაელაპარაკნენ, ცოტა ისაუბრეს, ცელოფნის პატარა პარკით რაღაც გადასცეს და პასპორტები გამოართვეს. ისინი რუსულადაც საუბრობდნენ. გვითხრეს, დოკუმენტები სასტუმროსთვის გვჭირდებაო. ხმა არ ამოგვიღია. ისე გვციოდა, მარტო იმას ვნატრობდით, სადმე ოთახში შევსულიყავით. სასტუმროშიც მივაღწიეთ. შეიძლება ეს ამბავი დაუჯერებელიც კი ჩანდეს, მაგრამ ოთახებში დავბინავდით თუ არა, ის ადამიანები, ვისაც ყურადღება უნდა მოექციათ, აღარსად ჩანდნენ. აქაც იგივე განმეორდა, რაც ტრაპზონში და კიდევ უფრო უარესიც. მამაკაცები, რომელსაც გავუძალიანდით, არა მარტო გვეჩხუბებოდნენ და გვიყვიროდნენ, არამედ გამეტებით გვირტყამდნენ. ანთებული სიგარეტით ხელებიც ამოგვიწვეს. დამწვარი დღესაც შრამად მაქვს დარჩენილი. დილით სასაუზმოდაც არავინ დაგვიძახა, არც ჩვენ ვიცოდით არაფერი. ქალაქში ვერ გავიდოდით, რადგან პასპორტები არ გვქონდა. სასტუმროს მოსამსახურე ქალბატონს პოლიციის მისამართი ვთხოვეთ, რაზედაც უარი გვითხრა, იმ მიზეზით, რომ ასეთი საკითხები მას არ ეხებოდა და გვირჩია, სასტუმროს ადმინისტრაციისათვის მიგვემართა. სასტუმროს ადმინისტრატორს მაღაზიის მისამართი მე და თეამ ვკითხეთ. ვუთხარით, რომ მცირეოდენი სურსათის შეძენა გვინდოდა. ტრაპზონიდან ცოტაოდენი ფული გამოგვყვა. მოხუცი ადმინისტრატორი დიდი გაიძვერა ვინმე აღმოჩნდა. თან ვიღაც გამოგვაყოლა სათვალთვალოდ. გვინდოდა ტელეფონით დაგვერეკა, მაგრამ ვერ შევძელით. მაღაზიაში პური ვიყიდეთ და უკან დავბრუნდით. გამყიდველისთვის პოლიციის მისამართი აღარ გვიკითხავს. სასტუმროს ოთახში ასვლამდე ჩხუბის ხმა შემოგვესმა. გვეგონა რომელიმე ქართველი თურქ კაცს ეჩხუბებოდა, მაგრამ ოთახში შესვლისას უცხო თურქი ქალი რაღაცას გვედავებოდა და საცემად იწევდა. ბოლოს გავარკვიეთ, რომ გვეუბნებოდა, მე თქვენ გიყიდეთ, 400 აშშ დოლარი გადავიხადე თითოეულში და რა პოლიცია აგიტყდათო. დაგვემუქრა, სანამ ამ ფულს მაინც არ ამოვიღებ, ფეხს ვერსად გადგამთო. ეს ქალი, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე ყოფილა, რუსულად ისე ლაპარაკობდა, რომ ძლივს გამოგვქონდა აზრი მისი ნათქვამიდან. ისიც გვითხრა, ჩემი ქმარი სტამბულის მილიციაში მუშაობს და იქ თქვენს მისვლას აზრი არ აქვს. პასპორტები არ გაქვთ და მაშინვე დაგაპატიმრებენო. გაკვირვებულები ერთმანეთს შევყურებდით და თან ვტიროდით. მისთვის არაფერი გვითქვამს.

გადავწყვიტეთ, საღამოს გავპარულიყავით, რადგან ამდენი ძალადობის ატანა აღარ შეგვეძლო. სასტუმროდან გაპარვა ვერ შევძელით. ოთახები შეგვიცვალეს, ფანჯრებს რკინის გისოსები ჰქონდა, კარებებთან კი ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცები იდგნენ. მათი მოტყუებაც ვცადეთ, მაგრამ ამაოდ.

ჯერ კიდევ არ იყო კარგად დაღამებული, რომ ოთახში თურქი ქალი შემოვიდა, ვახშამი შემოგვიტანა. ჩაი დავლიეთ თუ არა, გამოვშტერდით. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს… მესამე ღამეს იგივე განმეორდა, რაც პირველ ღამეს იყო. საღამოს 8 საათიდან დილის 10 საათამდე სექსუალურ მომსახურებას მინიმუმ სამ მამაკაცს მაინც ვუწევდით. უფრო საშინელებებიც ხდებოდა. ისე ვიყავით სხვადასხვა მამაკაცებისგან ნაცემი, რომ წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გვქონდა. ასე გაგრძელდა 8 დღე და ღამე, თუ არ ვცდები. სულ დალურჯებულები ვიყავით, სახეც დასიებული გვქონდა. სასტუმროს მოსამსახურეები თვალს გვარიდებდნენ, ვერ გვიყურებდნენ. იმ ღამეს სასტუმრო დავტოვეთ. ქალაქის განაპირა სოფელში ერთსართულიან, კრამიტით გადახურულ სახლში ერთი ღამე გავათენეთ, მერე კი გზას გავუდექით. თანმხლები თურქი შეგვპირდა რომ საბერძნეთში გადაგვიყვანდა.

მონატრებული სიკვდილი

ჯერ მანქანით ვიარეთ, მერე ფეხით, მერე რამდენიმე საათი ისევ მანქანით. რომელიღაც სოფელში კიდევ ხუთი ადამიანი დაგვემატა, სამი ქართველი იყო, ორი სომეხი – თბილისიდან. თურქი პატარა მდინარეს მიუყვებოდა და ჩვენც მივდევდით. მინდორში ვიყავით რომ დაგვიღამდა. ვთხოვდით, იქნებ გავჩერებულიყავით და ცეცხლი დაგვენთო, რომ ცოტა გავმთბარიყავით, მაგრამ ის კაცი არ ჩერდებოდა. ხელით გვანიშნებდა მომყევითო. ბნელოდა, მაგრამ გზას არაფრით ინათებდა. როგორც ჩანს, ზეპირად იცოდა ბილიკები. ყინავდა, თან წვიმდა. დრო და დრო ქარიც ქროდა. ყველაფერი სახეში გვეყრებოდა. დაღამებული იყო, ტყეში პატარა ქოხს რომ მივუახლოვდით. თურქი გაჩერდა, ჩანთა მოიხსნა, ჩაი თვითონაც დალია და ჩვენს დაგვალევინა. ბოლოს რომ ხალხი დაგვემატა, იქიდან ერთ-ერთი ასე 50 წლამდე ქალი იყო. ასანთი ჰქონდა წამოღებული და ცეცხლის დანთება სცადა. თურქმა იმისთანა სილა გააწნა სახეში, რომ მიწაზე მჯდომი ქალი გადავარდა. ხმა არ ამოგვიღია, რადგან გზაში თურქმა გაგვაფრთხილა, თუ ხმას ამოიღებთ, ყველგან პოლიციაა, გაიგებს და ციხეში აღმოჩნდებითო. დიდხანს არ გავჩერებულვართ. ერთი დღე და ღამე ისევ ვირბინეთ. მერე ჭაობებს მივადექით. ვერ გაგვეგო, როგორ უნდა გადაგველახა. თურქი მირბოდა და მივყვებოდით. ჭაობი გავიარეთ, მერე ისევ ტყე, წყალშიც ბევრი ვიარეთ. დიდი ჩანთა არავის გვქონდა, ყველაფერი გზაში გადავყარეთ, ვეღარ მიგვქონდა. პატარა პარკებიც სულ დაგვისველდა და დაიხია. ტანსაცმელიც დაგვეფლითა, მათხოვრებს დავემსგავსეთ. საჭმელი არავის არ გვქონდა, თურქი იშვიათად მოგვიტეხავდა ხოლმე პურს, ისიც ყველას არ გვხვდებოდა. წინ მიმავალი ნატეხებს უკან გვიყრიდა და ვინც დავიჭერდით, მისი იყო. ისევ ღამე იყო, სომეხმა რომ დაიძახა, ჩემი ნათესავი და კიდევ ერთი გოგო ჩამოგვრჩნენო. თურქს ვანიშნეთ, რომ დავლოდებოდით, რაზედაც უარი გვითხრა. ვაიძულეთ, თუ არ მონახავდა ჩამორჩენილებს, ვიყვირებდით. ვნახეთ… ახალგაზრდები სიცივისგან კანკალებდნენ და ვეღარ მოდიოდნენ. შევჩერდით. ღამე იყო, ირგვლივ არაფერი ჩანდა. თურქსაც ჩაეძინა და ჩვენც. რიჟრაჟზე თურქმა გაგვაღვიძა. აღარ ვიცოდით რა გვექნა, რადგან ორივე ადამიანი, რომლებიც მცირე ხნის წინ ძლივს დავიწიეთ, გაყინულან. ვტიროდით. გვამები მიწაში ჩავმარხეთ, რომ ნადირს არ შეეჭამა.

გზა გავაგრძელეთ. ჯერ კიდევ არ იყო გათენებული მინდორზე ისევ რომ გავედით. თურქმა ფული მოგვაკრეფინა და მეცხვარეებს მისცა. მინდორი მალე გავიარეთ და კლდის მსგავს მთებს მივადექით. საცალფეხო ბილიკები უნდა გაგვევლო. თურქმა სიფრთხილისაკენ მოგვიწოდა და გვაჩვენა, მიწა და პატარა მცენარეების ფესვები, რომელსაც უნდა მოვჭიდებოდით, როგორ წყდებოდა და დაბლა მიექანებოდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ სიკვდილს ვნატრობდით, სიცოცხლე აღარ გვინდოდა, მაგრამ ოჯახები გვებრალებოდა, მკვდრებსაც რომ ვერ დაგვიტირებდნენ. სხვა გზა არ გვქონდა, ამდენი უბედურების შემდეგ ესეც უნდა გაგვევლო. ფეხებს ძლივს მივათრევდით შიმშილის, სიცივისა და ნანახისგან მისავათებულები. ერთი ახალგაზრდა ღრმა ხევში ისე გადაიჩეხა, რომ უკან ვერც კი მივიხედეთ, რადგან ასეთი მოძრაობისას, ჩვენც იგივე საფრთხის წინაშე ვიდექით. მის უკან მდგომმა რომ იკივლა, ისე დავიბენით, რომ გადაჩეხვას ძლივს გადავურჩით.

საბერძნეთში დაგვაბეს და ისე გაგვაუპატიურეს

თურქმა რომ გვანიშნა, საბერძნეთის საზღვარს მივუახლოვდითო, ჯერ ისევ ღამე იყო. სიარულის ძალა საერთოდ აღარ შეგვწევდა და დავსხედით. დაღლილებს ჩაგვეძინა. გამოგვაღვიძეს. თურქი არსად ჩანდა, თავს კი სამოქალაქო ფორმიანი პოლიციელები გვადგნენ. იარაღით ვიცანით. საბუთები მოგვთხოვეს. არავის გვქონდა. ადგილზევე გაგვჩხრიკეს და ერთ-ერთის ჩანთაში პასპორტებიც იპოვეს ქაღალდში შეხვეული. მანქანებში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს. ოფიციალური საზღვარი არ გადაგვილახავს, საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლში ისე მივედით. იქაც კერძო სახლში დავბინავდით. სამი დღის მანძილზე იმ სახლში მცხოვრები ბერძენი ქალი გვივლიდა, გვაჭმევდა. მესამე დღეს რამდენიმე ადამიანი გაუშვეს, სალონიკის გზა მიასწავლეს, ოთხნი კი დაგვტოვეს. მომდევნო დღეს კი ის ოთხი კაცი მოვიდა, ვინც ალექსანდროპოლში მიგვიყვანა. ფეხზე გამართულად ვიდექით, თუმცა ჯანმრთელობა აშკარად შეგვერყა. გვახველებდა და ავად ვიყავით. მათ არაფერი უკითხავთ, ისე მოინდომეს ჩემთან, თეასთან და კიდევ ორ გოგოსთან დროს ტარება. გავუძალიანდით და ცუდ დღეშიც აღმოვჩნდით. ოთხივე სახლის პირველ სართულზე, ე.წ. სარდაფში ჩაგვყარეს და კარი დაგვიკეტეს, თუმცა დიასახლისს ჩვენი გამოკვება არ შეუწყვეტია. სარდაფში ყოფნიდან მეორე საღამოს იგივე განმეორდა, რაც თურქეთში. ჩვენგან ყველა სექსს ითხოვდა, სანაცვლოდ კი „მეპატრონეს“ ფულს უხდიდნენ. ბიჭებზე იმდენად ვიყავით გაბრაზებულები, რომ ყველაფერზე უარს ვეუბნებოდით, რის გამოც მათ დაგვაბეს და ისე გაგვაუპატიურეს. სარდაფს თავი მხოლოდ ამის შემდეგ დავაღწიეთ.

გაშვებით ჩვენც გაგვიშვეს, მაგრამ არაფერი მოუციათ. გზის ფულიც არ გვქონდა, რომ სალონიკამდე მივსულიყავით. ეს ქალაქი მხოლოდ გაგონილი გვქონდა. ვიცოდით, რომ იქ სამუშაოს შოვნა უფრო შეიძლებოდა, ვიდრე სხვაგან. გზა არ ვიცოდით. ორნი დაგვშორდნენ, დავრჩით მე და თეა. ალექსანდროპოლის გარეუბანში ხეტიალისას ქართველი ქალი ვნახეთ, კასპის რაიონიდან წამოსული, რომელიც ბერძნულ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ის მოგვეხმარა რამდენიმე დღე კერძო სახლში გაგვეთენებინა, მოგვიანებით კი დაგვიკავშირდებოდა და სადმე დაგვასაქმებდა. ანაზღაურებას აღარ ვჩიოდით.

დაპირებისამებრ დავსაქმდით. 60 წლის მოხუცს ვუვლიდი, არადა მოსავლელი უკვე თავად ვიყავი. სამი თვე ვიმუშავე, მერე ის მოხუცი გარდაიცვალა. მოგროვილი ფულით სალონიკში წავედი და მას შემდეგ აქ ვმუშაობ, აქაც მოხუცს ვუვლი. ნორმალურად მიხდიან მისი შვილები, თან მოხუცის სახლში ვცხოვრობ, რადგან მარტოა და ოჯახის ფულით შეძენილი საკვებით ვსულდგმულობ.

…ჯანმრთელობა აღარ მიწყობს ხელს. თანხა რაც მრჩება, საქართველოში ვაგზავნი. ჩემი ძმა უკვე გაიზარდა და თავადაც მუშაობს დისტრიბუტორად. დედაც ძალიან მოტყდა. არაფერი აღარ შეუძლია. საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობ, მაგრამ მინდა თან ცოტა ფულიც წავიღო, მაღაზია გავხსნა და ვივაჭრო, რომ სხვას ხელებში არ შევყურო. იმ გზის გავლას, რაც მე გავიარე, არავის ვუსურვებ. ამის შესახებ პირველად თქვენთან ვისაუბრე, ოჯახის წევრებისთვისაც კი არაფერი მითქვამს“, – აღნიშნა მაიამ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

წყარო: http://ick.ge

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ქარწაღებულნი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s