ნიკო ნადირაშვილი: თქვენ დაანგრიეთ საქართველო და არა სააკაშვილმა! მე რომ აქ ვარ ისიც თქვენი ბრალია!

ტრიო “საუნჯის” და საერთოდ ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემლებს ალბათ კარგად ახსოვთ ნიკო ნადირაშვილი, რომელიც უკვე 11 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ქართულ მელოდიებს ისევ ქართულ ჩოხაში აკვნესებს. კომპანია “საუნჯეში” ოჯახის რამდენიმე წევრი მოღვაწეობს. ამდენად, ისინი კონცერტების ჩასატარებლად ერთად წავიდნენ ამერიკაში და გარკვეული ხნის შემდეგ იქ დარჩენაც გადაწყვიტეს. მას შემდეგ მისი ყურადღება საქართველოსადმი არ მოდუნებულა და შარშან 50 წლის რომ გახდა, საიუბილეო კონცერტის ჩატარებასაც აპირებდა საქართველოში. მაგრამ ამისათვის სპონსორი ვერ იშოვა. ამჯერად იგი ძალიან გაუბრაზებია საქართველოში გამართულ საახალწლო ზეიმებს და თავისი ნააზრევი წერილობით მოგვაწოდა.

`ჩემო საყვარელო ხალხო, რატომ იბრმავებთ თვალებს? ნუ გგონიათ, რომ ამერიკელებს ძალიან აინტერესებთ რა ხდება საქართველოში. აგვისტოს ომის შემდეგ ცოტა უფრო მეტი გაიგეს, მაგრამ მაინც უნდა მოაგონო, რომელს ჯორჯიაზე გაქვს ლაპარაკი. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს და ვცდილობდეთ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენებას, თორემ  რაში გვჭირდება, რომ ისინი გვიცნობდნენ. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ იზოლაციაში მოვექცეთ. მაგრამ ქართველები სულ ამერიკელების მიბაძვაში ნუ იქნებით, დამიჯერეთ, არ გიხდებათ. უმჯობესია, საკუთარ ეროვნულ სულს მივხედოთ და ჩვენი თვითმყოფადობა დავანახოთ უცხოელებს.
არ იფიქროთ, მაგას რა ენაღლება, ამერიკაში ამდენი წელია ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და შორიდან გვმოძღვრავსო. ვერ დავიჯერებ, რომ ვინმეს მანდ ჩემზე მეტად შეტკიოდეს გული თავის ქვეყანაზე. მე და ჩემი ოჯახი აქ სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებთ. სულ მოლოდინში ვართ, რომ ეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩვენი შემოქმედებაც საჭირო გახდება საქართველოში. სამწუხაროდ, რაც დრო გადის უფრო ვშორდებით ამ მიზანს და ისევ კიდევ უფრო მტკენს გულს. იმაზე საშინელი არაფერია, ვიდრე განცდა იმისა, რომ შენს ქვეყანას შენი პროფესიონალიზმი და გამოცდილება, პატრიოტიზმი არ ჭირდება. ამ განცდას უამრავი ემიგრანტი ატარებს და ჯანმრთელობასაც კარგავს. იმედი მაქვს, ბევრი სწორად ჩაწვდება ჩემს გულისთქმას. ვინც ვერ გამიგებს, ჩაიხუტოს გულში თავისი პრეზიდენტი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს!
მაგრამ მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია, გარდა ქართველი ხალხისა, ხელისფლება იცვლება, ხალხი კი რჩება! ჩემი სიყვარული და საყვედურები ეკუთვნის იმ ხალხს და მაყურებელს, ვის წინაშეც მე გავიზარდე. `მიშა გიჟია~-ო, რომ იძახით, მაპატიეთ მაგრამ გიჯები თქვენ გამოდიხართ, მიშა კი მართლა `მაგარია~, ყველაფერი რომ გაუდის ჩვენთან.
აბა რა ქვია ამას?! ტელევიზიით, პრესით და რადიოთი ქართულ ენას გვიმახინჯებენ, დედა ენას არ ასწავლიან თქვენს შვილებს, ქართველობას გვიკარგავენ და გვაგინებენ, ამაზეც ჩუმადა ვართ. `პედერასტების~ პარადია… ამის შემდეგ, ალბათ დიდ ნაწილს ქართველების, სამწუხაროდ, არ გვაქვთ უფლება საქართველოს სადღეგრძელო წარმოთქვათ სუფრაზე.
აბა იმ ქართველს რა უნდა ვუთხრა, თავის თოვლის პაპას რომ სანტა კლაუსში გაცვლის. 11 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ ამდენი წითელსამოსიანი სანტა აქ არ მინახავს, რაც ბათუმის ქუჩებში დავინახე. ცოტა ხანში ალბათ საუნტაკლაუსები ბავშვებს გააჩენენ და ყელანი თეთრი წვერებით ივლით. ძალიან მინდოდა ჩემი უმცროსი შვილიც საქართველოში დაბადებულიყო და გაზრდილიყო. მაგრამ ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, ამ მთავრობის გასაფუჭებლად არ მყავს საქართველოში დატოვებული.თქვენ წარმოიდგინეთ, უცხო ქვეყანაში უფრო იანრჩუნებს თავის ქართველობას.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მანდ დარჩენილი ქართველების გარკვეული ნაწილი არა ყოფილხართ ღირსები, ცხოვრობდეთ საქართველოში. ძალიან გაბრაზებული იმიტომ ვლაპარაკობ, რომ აქედან არაფრის შეცვლა არ შემიძლია. დიდი ოჯახით ვარ ამერიკაში და ჯერ დაბრუნებასაც ვერ ვახერხებ. მარტოც რომ ჩამოვიდე, ვის რაში აინტერესებს, რას ფიქრობს უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი და ვინ გაითვალისწინებს?.. რომ წაიკითხავთ მერე სად გადააგდებთ ამ წერილს უკვე ვიცი! მაგრამ გული მტკივა და ამიტომაც გულახდილად ვამბობ. მე რომ აქ ვარ, ეგეც თქვენი ბრალია, ვინც მიშას ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყვეთ ხელი. რამდენჯერ შეიძლება შეგეშალოთ?!
ჩემზე უარეს დღეში არიან სხვა ქართველები, რომლებსაც უკვე დავიწყებული აქვთ თავიანთი პროფესიები და მძიმე შრომას ეწევიან. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, შრომა ადამიანს აკეთილშობილებს. რომ გაგიჭირდება ტუალეტის მრეცხავადაც იმუშავებ. ქართველების პრობლემა ის არის, რომ სიხლში გვაქვს მეფობისადმი მიდრეკილება. პირველკაცობა გვიყვარს. ერთმანეთის მოსმენა და გატანა კი არ ვიცით. ქილიკი და ლანძღვა გვეხერხება მარტო. ამიტომაც გვენგრევა ქვეყანა. რომელ სახელმწიფოზე ლაპარაკობთ? საქართველო აღარა გაქვთ! თქვენ დაანგრიეთ საქართველო და არა სააკაშვილმა. მადლობა უფალს, რომ გარკვეული რაოდენობა მაინც არის შემორჩენილი, რომელიც საღად აზროვნებს და საწინააღმდეგოს ლაპარაკობს. მაგრამ იმ ხალხისაც არ ესმით! აბა გალაღებულებს სხვისი ტკივილი როდის ანაღლებდათ?!.
ჯანდაბამდის გზა ჰქონია თქვენ პრეზიდენტს და მის გარემოცვას! მე ჩემი ქვეყანა და ხალხი მადარდებს! ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ერი გამათხოვრებულია და დაბეჩავებული. ან სხვა ერებმა რა დააშავეს, ვისაც საერთო სამშობლოზე გული შეტკივა?!
ხალხო, რა დაგემართათ?! რამ დაგიკარგათ განსჯის უნარი?! რა გაჭამეს ასეთი, რომ ყველაფერი მოგწონთ და ტაშს უკრავთ? ეს რა კონცერტი იყო აჭარაში? რა ჟანრი, რის მოდერნიზაცია? მე მუსიკოსიც ვარ და მოცეკვავეც. მაგრამ არ მახსოვს ოდესმე, ფალიაშვილის დაისი ასე ეცეკვოთ. ქართული ცეკვა ქალების გარეშე და ბანანის ვარცხნილობით, რისი ხაზგასმა იყო ნეტა? ნუთუ ასე გადაგვარდა ქართული ცეკვა, რომ ორივე ფუნქციას კაცები ითავსებენ? ან ის, რომ მანდილოსნებმა თავისი ქალურობა და სინაზე დაკარგეს, ესეც საქართველოს მდგომარეობის გამოხატულებაა?!
მე არავის არ ვუპირისპირდები, მაგრამ ჩემი აზრით, სახელმწიფო ცეკვის ანსამბლმა თავისი ტრადიციული სახე არ უნდა დაკარგოს. ეს ერის საკუთრებაა და არა ერთი ოჯახის, თუნდაც სუხიშვილების შთამომავალი იყოს. ასე მგონია, ეს კონცერტი ახალ წელს ილიკო და თენგიზ სუხიშვილებს და ნინო რამიშვილს რომ ენახათ, მაშინ მოკვდებოდნენ.
ან ხოსე კარერასს სიმღერის დროს ფეხებშუა რომ უფეთქებდნენ მაშხალებს და ასე გულგახეთქილი ამღერეს ამ დონის მომღერალი, ეს რა კულტურაა?! თან კომენტარებით რომ მიფანტავდნენ ყურადღებას, ფეხბურთის რეპორტაჟია, თუ რა უბედურებაა?! ან რა კომენტარები იყო? `დააკვირდი, რა კოსტიუმები აცვიათ, როგორი განათებულია ბათუმი!~.. და ასეთი უაზრო საუბრები. ის კიდევ ცალკე საკითხია, რაში გადაუხადეს მას ნახევარი მილიონი!, როც ხალხს პენსიით წამლის ყიდვა არ შეუძლია და ამდენი უმუშევარი ქვეყნიდან გარბის!.. ან რა ჩინური ნათურებით იყო გალამაზებული ბათუმი და თბილისი? დანარჩენი საქართველო ხომ აყვავებულია? სოფელში მამალი რომ არ ყივის, არ იციან?
 ამომავალი ქართველი ვარსკვლავები რომ ჩამოიყვანეს, ცუდი არაა. მაგრამ მსოფლიოში უკვე დაფასებულ და აღიარებულ მეგა-ვარსკვლავებს როგორ ეპყრობიან ესეც ხომ ვიცით?!
ჩემს ძვირფასს ქართველობას მინდა შევახსენო, რომ თანამედროვეობა ნიშნავს შენი ეროვნული საგანძურის მოვლას და მომავალი თაობებისთვის გაუმჯობესებული სახით გადაცემას. თორემ შენ თუ სხვას ბაძავ, შენც ისეთი ხდები. სამწუხაროდ მე ასეთი წარმოდგენა მაქვს ამ ქვეყანაზე. მე რასაც ინტერნეტით ვუყურებ დღეს, სამწუხაროდ, ეს არ არის ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყანა ის იყო, რომელიც მე დავტოვე 11 წლის წინ. და ნურავინ შემახსენებს, რომ შუქი ხშირად ქრებოდა. კომუნისტების დროს არ გვქონდა ეს პრობლემები, მაგრამ ახლა ავადმოსაგონარს ვეძახით!..
რა უნდა მოვკითხო ისეთ ადამიანებს, ქუთაისში მონუმეტს რომ ააფეთქებენ პარლამენტის ასაშენებლად და იმასაც გაამართლებენ. არასოდეს დამავიწყდება ქუთაისელი ქალბატონის ნათქვამი, ჩაწერილი მაქვს, იმ ბავშვის სახელზე უნდა აშენდეს ეს პარლამენტიო, რომ გაიძახოდა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ქალბატონი მართლაც ასე აზროვნებს. სანამ არ გავთავისუფლდებით ამ შეზღუდული ცნობიერებისაგან, მანამ არაფერი გვეშველება. ვინც ეროვნულად აზროვნებს, პროგრესულადაც და საქართველოს სიყვარულით, იმას მტრებად მიიჩნევთ!
მე კიდევ ვამბობ, ვინმეს არ ეგონოს, ამას თავი ქუდში აქვს და რა ენაღლებაო! ნეტა მე რომ მანდ ჩამოსვლა მინდა, ისე ვინმეს უნდოდეს ჩემი დაბრუნება. მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის და მონატრების მიუხედავად, ისეთ ვითარებაში ვერ დაბრუნდები,  ჩოხის გახდა და სანამურის უკუღმა დაკვრა რომ მომთხოვოს ვინმემ! ასეთი რამ ამერიკაში არ გამიკეთებია და არც საქართველოში გავაკეთებ. აქ უფრო უკეთ ვაკეთებ ქართულ საქმეს და მედს არ ვკარგავ, რომ იმაზე მალე დავბრუნდები, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. როგორც კი სიტუაცია შეიცვლება და საჭირო გავხდები, კულტურის სფეროში მაინც ბევრ სიკეთეს გავუკეთებ ჩემს ქვეყანას. ოღონდ ვიგრძნო, რომ პროფესიონალების და პატრიოტების დრო დადგა!
მომიტევეთ ჩემი გაცხარება. ასე გვასწავლეს: მოყვარეს პირში უძრახეო და მე აქაც ისეთი ქართველი ვარ, როგორიც მანდ ვიყავი!
წყარო: www.emigrants.net23.net

დატოვე კომენტარი

Filed under იძულებით მუშაკნი

დატოვე კომენტარი